ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემია ახალი წლის დღეებს დაემთხვა. საახალწლო დღეებში ოჯახები, ახლობლები და მეგობრები ერთად იკრიბებიან, თუმცა ვირუსის გამო ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეზღუდულია.

ქალაქ უხანში, რომელიც ახალი კორონავირუსის ეპიცენტრია, მოქალაქეებს სახლში დარჩენა ურჩიეს. 11 მილიონიანი ქალაქის ქუჩები ცარიელია, თუმცა ადგილობრივებმა ერთმანეთის გამხნევების საშუალება მაინც იპოვეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომელშიც ადგილობრივები სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ერთმანეთს გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნებიან და მღერიან. ძირითადად ისინი "Wuhan jiayou" ყვირიან, რაც ნიშნავს "ძლიერად იყავი უხან". ამასთანავე ისინი ყვირიან "უხან შენ ამას შეძლებ!"

თავდაპირველად კარანტინი ჩინეთის სამ ქალაქში, უხანში, ხუანგანში და ეჩჟოუში გამოცხადდა და 20 მილიონ მეტ ადამიანს შეეხო. მას შემდეგ, რომ დაავადების გავრცელების არეალი გაიზარდა, კარანტინი პატარა ქალაქებში და პროვინციებშიც გამოცხადდა. მის ქვეშ ამ დროისთვის 50 მილიონზე მეტი ადამიანია.

ქუჩები დაცარიელებულია პეკინშიც, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის დედაქალაქში კარანტინი არაა გამოცხადებული.

კორონავირუსის შემთხვევა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის: სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, კანადასა და შრილანკაში.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჩინეთში ფრენები British Airways-მა შეწყვიტა. ამას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდება მოქალაქეებისადმი, რომ ჩინეთში ფრენებს მორიდებოდნენ.

ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც. მათი თქმით, შეზღუდვა 2020 წლის 29 მარტამდე იმოქმედებს და ამის შესახებ ჩინეთსა და ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს.

ამავე თემაზე: