პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის დეპუტატია ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ახალ გამოკითხვას ჩაატარებს და დამაჯერებლობისთვის ანკეტის შევსებისას მოქალაქეებს ფოტოს გადაღებას სთავაზობს.

პატრიოტთა ალიანსის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, პარლამენტის დეპუტატი ისევ ანტიდასავლურ გზავნილებს აჟღერებს და ამტკიცებს, რომ NDI და IRI ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

"ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ ძალიან ფართო საყოველთაო მოძრაობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ამ ტყუილს დაუპირისპირდება", — აცხადებს ინაშვილი.

როგორც დეპუტატი ამბობს, გამოკითხვა 30 იანვარს დაიწყება და ის ანკეტით ხელში ორბელიანის მოედანზე იდგება. ინაშვილის თქმითვე, გამოკითხვა შეეხება სამხედრო მიუმხრობლობას, პარტიების რეიტინგსა და დამოკიდებულებას NDI-სა და IRI-ს კვლევების მიმართ.

"იმისათვის, რომ ჩვენი მტკიცებულება იყოს მყარი და სწორედ ამ ზედმეტი ეჭვებისგან და შეკითხვებისგან გავათავისუფლოთ ნებისმიერი ჩვენი ოპონენტი, აი, ჩვენ გვინდა, რომ ანკეტის შევსებისას გადავიღოთ ფოტოც", — ამბობს დეპუტატი.

26 იანვარს პატრიოტთა ალიანსმა NDI-სა და IRI-ს საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა. აქციაზე გაჟღერდა როგორც ანტიდასავლური, ასევე ანტიამერიკული მესიჯები. რამდენიმე დღით ადრე კი ირმა ინაშვილმა NDI-ს დირექტორის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

NDI-ს ბოლო კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, პატრიოტთა ალიანსს გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პარტიას ამომრჩეველთა 3% მისცემს ხმას. სწორედ ამ კვლევას გამოეხმაურა ინაშვილი და განაცხადა, რომ ორგანიზაცია სხვა პარტიებს მაჩვენებელს უზრდის, მათ კი აკლებს.