ჩინეთის ქალაქ უხანში ცხოვრება კარანტინის პირობებში გრძელდება. ქუჩები, რომლებიც ერთ დროს მანქანების მოძრაობითა და ქვეითებით იყო გადატვირთული — დაცარიელებულია. მძღოლებს გადაადგილება ჩინეთის მთავრობამ აუკრძალა. თუ მოქალაქე ქუჩაში მანქანით გამოვა, დაჯარიმდება ან მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.

აკრძალვა 26 იანვრიდან დაიწყო და ეფექტიანად მიმდინარეობს. დაცარიელებული ქალაქის ვიდეოს AFP ავრცელებს.

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 6 000-ს აღწევს, გარდაცვლილთა რიცხვი კი ბოლო მონაცემებით 130-ს აჭარბებს. ვირუსი დადასტურდა ტაივანში, გერმანიაში, ვიეტნამსა და იაპონიაში იმ პაციენტებში, რომლებიც ჩინეთში არ ყოფილან. სამი კონტინენტის მეცნიერები ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.

უხანის კარანტინს, რომლის მიზანიც დაავადების გავრცელების პრევენციაა, ასევე ვიდეო-ბლოგებში ასახავს ქალაქში მცხოვრები ირლანდიელი მასწავლებელი ბენ კავანა. პარალიზებული ქალაქში მცხოვრები ირლანდიის მოქალაქე ვუხანს "მოჩვენებათა ქალაქს" უწოდებს:

"ხშირად ვიყენებ ფრაზას "მოჩვენებების ქალაქს", რადგან ამას სხვანაირად ვერ აღწერ. ფანჯრიდან ვიყურები, მაგრამ ვერავის ვხედავ. ქალაქში არიან, მაგრამ არ ჩანან. სანამ მანქანებს აკრძალავდნენ, შეიძლებოდა დაგენახა რამდენიმე, მაგრამ ახლა ყველაფერი სიურრეალურია. თითქოს ყველამ დატოვა ქალაქი, იმის მიუხედავად, რომ ის ადამიანებით სავსეა. უბრალოდ მათ ვერ ხედავ".

კავანა გარეთ გასვლის დროს ორ პირბადეს, დამცავ სათვალესა და ხელთათმანებს ატარებს. ის მხოლოდ დამუშავებულ საჭმელს ყიდულობს, რომ დაინფიცირებულ ადამიანებთან და ცხოველებთან კონტაქტი აირიდოს. ის მეგობარს ხვდება, რომელიც ჩემოდნით მიდის მაღაზიაში, რომ პროდუქტები მოიმარაგოს.

კავანა ორცხობილებს, სიმინდის ბურბუშელას, ჩიპსს, კვერცხს, გაზიან სასმელს, ბეკონსა და ლუდს ყიდულობს, სახლის გზაზე უკან დაბრუნებულს კი აფთიაქთან გრძელი რიგი გხვდება.

თავდაპირველად კარანტინი ჩინეთის სამ ქალაქში, უხანში, ხუანგანში და ეჩჟოუში გამოცხადდა და 20 მილიონ მეტ ადამიანს შეეხო. მას შემდეგ, რომ დაავადების გავრცელების არეალი გაიზარდა, კარანტინი პატარა ქალაქებში და პროვინციებშიც გამოცხადდა. მის ქვეშ ამ დროისთვის 50 მილიონზე მეტი ადამიანია.

ქუჩები დაცარიელებულია პეკინშიც, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის დედაქალაქში კარანტინი არაა გამოცხადებული.

ფოტო: EPA

კორონავირუსის შემთხვევა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის: სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, კანადასა და შრილანკაში.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჩინეთში ფრენები British Airways-მა შეწყვიტა. ამას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდება მოქალაქეებისადმი, რომ ჩინეთში ფრენებს მორიდებოდნენ.

ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც. მათი თქმით, შეზღუდვა 2020 წლის 29 მარტამდე იმოქმედებს და ამის შესახებ ჩინეთსა და ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს.