სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ოსკარების 92-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ლეგენდარულ სპორტსმენს, კობი ბრაიანტს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ.

"დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ცერემონიის განმავლობაში მას სათანადოდ დავაფასებთ", — განაცხადა კინოაკადემიის წარმომადგენელმა.

კობი ბრაიანტს მოიხსენიებენ ტრადიციულ მემორიალურ ვიდეოში, რომელსაც ყოველწლიურ დაჯილდოებაზე აჩვენებენ კინოსამყაროში ყველა მნიშვნელოვანი დაღუპული პიროვნების გასახსენებლად.

ამასთანავე დაგეგმილია, რომ ლეგენდარულ კალათბურთელს კიდევ ცალკე განსაკუთრებული პატივი მიაგონ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით მოხდება ეს.

აღსანიშნავია, რომ კობი ბრაიანტი არაერთ სპორტულ ჯილდოსთან ერთად ოსკარის მფლობელიც იყო: 2018 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის ნომინაციაში გაიმარჯვა Dear Basketball-მა, რომლის შექმნაშიც სწორედ კობი იღებდა მონაწილეობას.

ეს ანიმაცია ბრაიანტის ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს, უფრო კონკრეტულად კი ის სპორტსმენის იმ გახმაურებულ წერილს ეყრდნობა, რომელიც მან 2015 წელს დაწერა და სპორტიდან წასვლის შესახებ დააანონსა.

კადრები ანიმაციიდან Dear Basketball

41 წლის კობი ბრაიანტი 25 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. კატასტროფისას დაიღუპა კერძო თვითმფრინავში მყოფი ცხრავე მგზავრი, მათ შორის ბრაიანტის 13 წლის შვილი, ჯიანა ბრაიანტი.