პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, 2019 წლის ივნისში მმართველ გუნდს ეგონა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება საპროტესტო მუხტს განმუხტავდა. ამაზე მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. თალაკვაძე ოპოზიციას დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი შეთავაზების მიუხედავად საპროტესტო აქციები გაგრძელდა.

"ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობაზე ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან პასუხისმგებლიანი რეაქცია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო კონსტიტუციით ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. ჩვენ გავაანალიზეთ ეს სიტუაცია, ჩავთვალეთ, რომ სიტუაციის განმუხტვა იყო შესაძლებელი, თუ პროპორციულ სისტემაზე შეთავაზებას გავაკეთებდით და ეს გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. ჩვენ კიდევ ბოლომდე, ამ მომენტშიც მაინც გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ეს გამხდარიყო სტაბილურობის, ნორმალური თანამშრომლობის გარანტორი", — თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად გამოცხადებული დაპირებისა, მეორე დღესაც გაგრძელდა ქუჩაში "დესტრუქციული პროცესები". ქართული ოცნების ლიდერის თქმით, ოპოზიციას "ძალიან ეჩქარებოდა რაღაც და ეს არ იყო პოროპორციული არჩევნები".

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებების ფორმატი დაიწყო. იანვრის ბოლოს, მოლაპარეკებათა მეხუთე რაუნდი უნდა გაიმართოს. მმართველმა გუნდი ოპონენტებს ახალ სამოქმედო გეგმას სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.