საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აზრით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თბილისში შემოშვება ქვეყანას "შანს აძლევს", რადგან ამას ყველა ევროპული მედია გააშუქებს. მისივე თქმით, ლავროვის შემოშვებით ქართული საზოგადოება, ასევე, აჩვენებს იმას თუ, როგორი "ევროპული სტანდარტით" აპროტესტებს საქართველო ოკუპაციას.

როგორც მარგველაშვილი ამბობს, ლავროვის არ შემოშვებით, შეიძლება საქართველოს შესახებ "ნეგატიური პიარი წავიდეს" ქვეყნის პარტნიორებს შორის.

"ლავროვის არ შემოშვებით ჩვენ შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ისინი, ვინც სწორედ ლავროვისგან გვიცავენ. ისინი, ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. ლავროვის არ შემოშვებით ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. შეიძლება ჩვენზე თქვან, რომ ჩვენ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები. ლავროვის ჩამოსვლას, სავარაუდოდ, ქართული საზოგადოება შეხვდება მიუღებლობით. ამის ჩვენება, რომ ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა და გიწევთ ანგარიშს და გაჩვენებთ ჩვენთვის ეს რამდენად მიუღებელია, ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ჩემი სცენარი", — განაცხადა მარგველაშვილმა პოლიტიკის ფორმულაში სოფო ზურაბიანთან ინტერვიუში.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალში ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.