საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავის განცხადებაზე, რომსაქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს რუსეთის დელეგაციის წევრები მიიღოს, ამბობს, რომ არავინ "დაუპატიჟებია". მისი თქმით, რუსეთის დეპუტატმა, რომელმაც ამის შესახებ კითხვა დაუსვა, კითხვის ნიშნის ქვეშ ქართული სტუმართმოყვარეობა დააყენა.

"მე რუსეთის წარმომადგენლის კითხვას ვპასუხობდი, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ა.შ. იმ დროს, როცა რუსეთი საერთაშორისო სამართლის მიმართ ყველანაირი ვალდებულებისგან ითავისუფლებს თავს. ეს პოზიცია არის ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართლის მიმართ. თქვენ ნუ ნათქმევინებთ იმას, რაც ჩემი როლი არაა. მე ამ შემთხვევაში არავის ვპატიჟებ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ვიცი რაც არის ზუსტად", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციის ისეთ წევრებს უმასპინძლოს, რომელთაც შესაძლოა ეს კანონი დარღვეული ჰქონდეთ. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის წევრის, ლეონიდ კალაშნიკოვს კითხვაზე პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალს ეხებოდა.

კალაშნიკოვმა ზურაბიშვილს გაზაფხულზე დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით კითხვის დასმისას უთხრა, რომ "საქართველო ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც".

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალში ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.