საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, უჭერს თუ არა მხარს რუსეთისთვის ახალი საქნციების დაწესებას. მას ამის შესახებ კითხვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ დაუსვა.

გონჩარენკო დაინტერესდა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ და კერძოდ, ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობისას, რომ რუსეთს,რომელიც განაგრძობს ევროსაბჭოს სტატუტისსა და ასამბლეის რეზოლუციების უგულებელყოფას, ვალდებულებების შესრულება აიძულონ.

ზურაბიშვილმა უკრაინის წარმომადგენელს უპასუხა, რომ რაც უფრო დიდია ქვეყანა, უფრო ნაკლებად ექვემდებარება სანქციებს.

"რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, არღვევს რეზოლუციებს. ეს არის ხანგრძლივი ისტორია, რომელსაც ჩვენ მანამდე განვიცდიდით, სანამ ამავე პრობლემის წინაშე უკრაინაც აღმოჩნდებოდა. ეს უკავშირდება ორმაგ სტანდარტებს. არსებობს ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ აღებულ ვალდებულებებს პატივი არ სცენ უფრო მარტივად, ვიდრე სხვებმა. მონიტორინგი ამ ქვეყნების მიმართ არ არის ისეთი ეფექტური, როგორც სხვების მიმართ. ჩვენ პატივს ვცემთ არსებულ შეთანხმებებს და მოვუწოდებ ამ ორგანიზაციას, რომ ყველა ქვეყნის მიმართ ერთნაირი სტანდარტი უზრუნველყოს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.