ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ე.წ. გავრილოვის ღამეზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისის მოვლენების ქრონოლოგია არასწორად ასახა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა და პარლამენტთან შეტაკებები შემდეგ მოხდა. რეალურად კი, კობახიძე აქციის ძალადობრივი დაშლიდან მეორე დღეს, დილით გადადგა. 20 ივნისის ღამეს კი აზერბაიჯანში ვიზიტით იყყოფებოდა და ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.

20 ივნისის ღამის შესახებ ზურაბიშვილს კითხვა პოლონელმა დეპუტატმა ალექსეი პოციეჟმა დაუსვა:

"ქალბატონო პრეზიდენტო, მე პოლონეთის მოქალაქე ვარ და ალბათ, როგორც იცით, ყველა პოლონელი საქართველოს მეგობარია. თუმცა საქართველოს ბევრმა მეგობარმა, მათ შორის აშშ-ის კონგრესმა და ევროპარლამენტმა გამოთქვეს თავიანთი წუხილი საქართველოში მიმდინარე ტენდენციების გამო. განსაკუთრებით ივნისში ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ ან 28 ნოემბრის შემდეგ, როცა ბატონმა ივანიშვილმა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტი ოპოზიციის ლიდერი დაპატიმრდება და მალევე დაიწყო ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის დევნა. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ეს არ გაღელვებთ?"

კითხვაზე საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გავრილოვის საკითხი ორ ნაწილად უნდა გაიყოს. მისი თქმით, თავდაპირველად იყო პროტესტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატის გამოსვლას მოჰყვა და საზოგადოებისთვის მისაღები არ იყო.

"არავინ უშვებს, რომ ვინმე უნდა სცემონ, მაგრამ ვიღაცებმა თავშეკავებაც უნდა გამოავლინონ.

მეორე ნაწილი რაც მოხდა ბატონი გავრილოვის საქართველოდან გამგზავრების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, რადგან იყო ინციდენტები და მაინ აიღო პასუხისმგებლობა ამ ინციდენტებზე. და მას შემდეგ, რაც საკითხი დაიხურა, დაიწყო მეორე ფაზა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პარლამენტს. იყო აშკარა მცდელობა პარლამენტზე კონტროლის მოპოვების, რომელიც გაჟღერებული იყო რედიკალი ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ.

გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი რომელიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც მიიღებს პარლამენტის ძალით დაკავებას, მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ამ პარლამენტიდან 40 კილომეტრში კი რუსეთის ძალებია განთავსებული და როდესაც ჩვენ ვიცით, თუ რა მარტივად იყენებს რუსეთი დესტაბილიზაციის არგუმენტებს რომელიმე ქვეყანაში შესასვლელად. ვფიქრობ, ხელისუფლების რეაგირების მეორე ფაზა იყო სრულად აუცილებელი და იყო შეზღუდული. მინახავს უფრო მეტი რეპრესია სხვა ქვეყნებში, როდესაც არასტაბილური სიტუაციაა. მე დავინახე, რომ ამ ახალგაზრდა დემოკრატიამ საკუთარი თავი საკმაოდ კარგად დაიცვა", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.