აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიოს ჟურნალისტებმა პროფკავშირები შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ერთიანდებიან არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ მათი უფლებების დასაცავად.

"ხშირად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანამშრომელთა ჩართულობა მხოლოდ საჩვენებელ ხასიათს ატარებდა და ფორმალური კონსულტაციით შემოიფარგლებოდა. მიგვაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელობაში, მნიშვნელოვანია ესმოდეს, რომ რეალურად ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპით და მეორე მხრივ — თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის საჭირო დღის წესრიგით", — ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ პირველ რიგში, ისინი იცავენ სარედაქციო დამოუკიდებლობასა და თავისუფალ სიტყვას. მათი გაერთიანების მიზანი კი ისაა, რომ ამ ყველაფერთან ერთად ჰქონდეთ სამართლიანი შრომითი პირობები და შრომის უსაფრთხოება. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პროფკავშირები 65 თანამშრომელი გაერთიანადა.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები მოკლედ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში თავს იწონებდა, დირექტორი შეუცვალეს. ნათია კაპანაძე პრიორიტეტების შეუსრულებლობისა და ხელფასების საკითხის მიზეზით გაუშვეს. მის ნაცვლად მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ კაპანაძის კრიტიკით გამორჩეული გიორგი კოხრეიძე დანიშნა.

კაპანაძე იმპიჩმენტის პროცესის დაწყების დროს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხეს ხედავდა. მაშინ, როცა თანამშრომლებისგან მხარდაჭერას ელოდა, მათმა ნაწილმა მის საწინააღმდეგოდ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი, თამილა დოლიძე რამდენიმე თვეში ქართულმა ოცნებამ ამავე ტელევიზიის მრჩეველად შეარჩია.

უკვე ერთი თვეა, რაც ტელევიზიას გიორგი კოხრეიძე მართავს — დირექტორი, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები ჰქონდათ და რჩებათ. მან არჩევიდან რამდენიმე საათში არხის ჟურნალისტებს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა დაუწუნა. ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტად წინა დირექტორის მიერ პირველ მოადგილედ დანიშნულ ნათია ზოიძეს მიიჩნევდნენ, კოხრეიძემ კი მას უფლებამოსილება შეუმცირა. არხის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს, ნათია შავაძეს კი სამსახური დაატოვებინა.