გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, სოფელი მზიანეთის გარდა, ტრენაჟორები კიდევ ხუთ სოფელში დააყენა. როგორც დადებული ხელშეკრულებებიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტს ეს სამუშაოები, დაახლოებით, 11 200 ლარი უჯდება.

ღია ცის ქვეშ განთავსებული ტრენაჟორები მას შემდეგ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც ერთ-ერთმა ფეისბუქგვერდმა ფოტომასალა გაავრცელა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში, თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად, On.ge-ს ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვეს და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისკენ მიუთითეს. პრესსამსახურის თანამშრომელმა ჟურნალისტს ფოტოების გაგზავნასა შესთავაზა, შემდეგ კი გადაიფიქრა.

ამ დრომდე საჯაროდ მხოლოდ მზიანეთში დაყენებული ტრენაჟორების ფოტოები იძებნება. ფოტოებში ჩანს, რომ მოქალაქეებისთვის ტრენაჟორებამდე მისასვლელი გზა გაკეთებული არაა და მიმდებარე ტერიტორია დაუსუფთავებელია. აქედანვე ირკვევა, რომ 11 216 ლარად 5 სკამი და ორი ტრენაჟორი დაყენდა.