გამოცხადებულია ახალი სასტიპენდიო პროგრამა 16-17 წლის იმ მოსწავლეებისთვის აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან, რომელთაც სურთ საკუთარი ცოდნის გაღრმავება ევროპის და ევროკავშირის შესახებ. განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2020 წლის 14 მარტამდე.

სასტიპენდიო პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი; ის მხარს დაუჭერს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 35 მოსწავლეს ექვსი ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, მრავალ ქვეყანაში აღიარებული საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომის მოპოვებაში, რომელიც ევროპეისტიკაზეა ორიენტირებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამით სწავლება ხორციელდება საქართველოში, თბილისში მდებარე ახალ სკოლაში; პროგრამა, რომელიც მოიცავს ორწლიან აკადემიურ კურსს, 2020-2021 აკადემიურ წელს დაიწყება.

ამ უნიკალურ სადიპლომო პროგრამაში კომბინირებულია საერთაშორისო ბაკალავრიატის მაღალი ხარისხი და სპეციალიზებული სწავლება ევროპული სკოლების სისტემის საფუძველზე. შერჩეულ მოსწავლეებს გაკვეთილები ჩაუტარდებათ მრავალენოვან, მულტიკულტურულ გარემოში, რათა მათ გაიფართოონ წარმოდგენა ევროპასა და ევროკავშირზე, და გაიღრმავონ ევროპული ენების, ლიტერატურის და ისტორიის ცოდნა. გარდა ამისა, მოსწავლეებს ექნებათ მრავალფეროვან კლასგარეშე პროგრამაში და ევროკავშირის საკითხებისადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციებში მონაწილეობის საშუალება. სკოლის დამთავრებისას ისინი მიიღებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს ევროპეისტიკის განხრით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა, რომელიც ჩამოყალიბდა ევროკავშირის და მისი პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის შედეგად, ემსახურება ახალგაზრდების საგანმანათლებლო შესაძლებლობების და რეგიონთაშორისი გაცვლების გაუმჯობესებას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

დაინტერესებულმა მოსწავლეებმა განაცხადები უნდა შეიტანონ ვებსაიტის www.eapeuropeanschool.eu საშუალებით 2020 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე (შუადღე, მსოფლიო კოორდინირებული დრო [UTC] +4:00). განაცხადის შეტანის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე.

შერჩევის პროცესი მოიცავს წერილობით ტესტებს და გასაუბრებებს პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან. 2020-2021 სასწავლო წლის სტიპენდიის მიმღებთა სია გამოცხადდება 2020 წლის მაისის მეორე ნახევარში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ გაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected], ან დარეკოთ ნომერზე: +995 32 225 70 06 (ფიქსირებული სატელეფონო ხაზი).