პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში გამოძიება არა ახლა, არამედ პირველივე დღეს დასრულდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების პროცესს "ფორმალობას" უწოდებს და ამბობს, რომ მათ "ტყუილების ქსელი" შექმნეს.

"ამ ორი წლის განმავლობაში იმდენი ტროლი და ბოტი გამოიყენეს ამ საქმის წინააღმდეგ, რომ იმათაც კი შერცხვათ, რომ ამ საქმეზე ესაუბრათ... მე ვრჩები ქართველი ხალხის იმედად. სტრასბურგი არ იტყვის, რომ ეს და ეს დავსაჯოთ. ამ ბრძოლას მე ბოლომდე მივიყვან... გამოძიება დასრულებულია პირველივე დღიდან, როცა მე დაზარალებული სტატუსი არ მომანიჭეს, როცა არ მქონდა საქმეში ჩახედვის უფლება.

მთავარი პროკურატურის ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა. პროკურატურის განმარტებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს, ეჩვენებინა ხელები. უწყება ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა და ამას ეთანხმება გარდაცვლილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

გამოძიების მტკიცებით, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაიწყო. 2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.