ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი, თამთა მიქელაძე, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს, პროკურატურის გადაწყვეტილებას, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს "სრული არ აღიარება და ოჯახის დეჰუმანიზებაა".

თამთა მიქელაძის თქმით, "უფროსის გარეშე დარჩენილმა" პროკურატურამ გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელად მიიღო, მაშინ, როცა პროკურატურას ახალ საგამოძიებო მოქმედებებს თხოვდნენ.

"საქართველოს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. საქართველოს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ასევე შეწყვიტა, მისი გარდაცვალების გამო. თუმცა, საჯარო განცხადებაში მიუთითა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ. ეს ისე, რომ თემირლანს ბრალდებულის სტატუსიც კი არ მისცეს, თავიც კი არ დააცვევინეს და საბოლოოდ ოჯახის წევრებს მტკიცებულებებიც კი არ აჩვენეს", — აცხადებს მიქელაძე.

იურისტის თქმით, ევროსასამართლოში საქმის განხილვა მაინც გაგრძელდება და ამ პირობებში ეს გადაწყვეტილება, "სავარაუდოდ ხელის გადაწევის და ძალის დემონსტრირების პოლიტიკური სტრატეგია, რომელსაც ბოლო თვეებია ხელისუფლება იყენებს".

მთავარი პროკურატურის ცნობით, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა. პროკურატურის განმარტებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს, ეჩვენებინა ხელები. უწყება ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა და ამას ეთანხმება გარდაცვლილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

გამოძიების მტკიცებით, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაიწყო. მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.

2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.