სულ ცოტა ხნის წინ ტვიტერმა აღმოაჩინა კაცი, რომელიც დამხმარე მექანიკოსის რეკლამაში მონაწილეობს და ძალიან ჰგავს პრინც ჰარის.

"ჯანდაბა, რა უცებ უპოვია ახალი სამსახური!", — ხუმრობს ინგლისელი მუსიკოსი ტომ როზენტალი.

"სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჰარი ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის რეალურად ირჯება", — წერს ტვიტერის სხვა მომხმარებელი.

როგორც უკვე იცით, ჰარიმ და მეგანმა ფინანსური დამოუკიდებლობისთვის მაღალი რანგის სამეფო სტატუსი დატოვეს და სამეფო ტიტულით აღარ სარგებლობენ.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ უელსელი საიმონ პენგელი სინამდვილეში სხვა ცნობილი ადამიანის ორეულია. მისი თქმით, მუდამ ამსგავსებენ ინგლისელ მსახიობ ჯეისონ სტეტჰემს.

"სარეკლამო აბრაზე გამოყენებული ფოტო 2016 წელსაა გადაღებული, მას შემდეგ, როგორც წესი, თავი მუდამ გადაპარსული მაქვს", — თქვა საიმონმა.

მისი აზრით, პრინც ჰარის მხოლოდ წითური წვერით ჰგავს, თუმცა შედარებას კომპლიმენტად იღებს:

"ჰარი კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ჯეისონ სტეტჰემს ვამჯობინებ. თუმცა, მსგავსებაზე ნებისმიერი აღნიშვნა, ჩემი აზრით, კომპლიმენტს ნიშნავს".

"რა კარგია, რომ სასექსის ჰერცოგმა სამსახური იპოვა", — გამოეხმაურა რეკლამას ყოფილი პარლამენტარი მარკ პრისკი.

რეკლამის განმთავსებელმა კომპანიამ კი ხუმრობით დატვიტა:

"დიდი პატივია, რომ სამეფო უდიდებულესობა ჩვენს პლატფორმაზეა".

რაც შეეხება საიმონ პენგელის, ის თვითდასაქმებული მშენებელი და მსახიობია და ამ ეტაპზე ორივე პროფესიას უთავსებს ერთმანეთს. როგორც დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ის ჰარის და მეგანის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

"ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად", — ამბობს ის.