საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი დვალიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა და თქვა, რომ "პოლიციელის ფორმის გახდა" სახელმწიფოს ხელყოფას ნიშნავს. ასე უპასუხა ამან გომელაურს, რომელმაც დღეს, 28 იანვარს თქვა, რომ ლევან იზორიას ძმის მიმართვაში "ფორმას გაგხდი" დანაშაული არ იყო.

"მივმართავ გაუნათლებელ და ღირსების არმქონე მინისტრს, პოლიციის გენერალ ლეიტენანტ ვახტანგ გომელაურს, რომელმაც არ იცის, სად მუშაობს და რა თანამდებობაზე. პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, ხოლო პოლიციის ფორმა არის მისი ღირსება, ამიტომაც "პოლიციელის ფორმის გახდა" ნიშნავს სახელმწიფოს ხელყოფას. ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას პოლიციელი, ისე, რომ არც ინტერესდება, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს მის პოლიციელებს და ამბობს, რომ შეიძლება მანამდე ბატონ კიტა იზორიას ჩვენ მივაყენეთ შეურაცხყოფა, ეს არის მინისტრის პოზიცია", — თქვა TV პირველის ეთერში გიორგი დვალიშვილმა.

გიორგი დვალიშვილმა თქვა, რომ მინისტრი არაკომპეტენტურია და ლევან იზორიას ძმის დაკავების კადრებს სამართლებრივად ვერ აფასებს. მან მიმართა პოლიციელებს "ნუთუ ესაა ჩვენი მინისტრი და შეიძლება აღნიშნული ხელმძღვანელობის ქვეშ აკეთო სახელმწიფოებრივი საქმე, დაიცვა მოქალაქეები, როცა შენ ხარ პირველ რიგში დაუცველი".

გიორგი დვალიშვილმა 23 იანვარს მთავარ არხს მიაწოდა 2014 წელს გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს ის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ.

მთავარი არხის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ დვალიშვილს მაშინდელმა საპატრულო პოლიციის უფროსმა, კახა ბუხრაძემ ვიდეომასალის გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც უარი უთხრა და განუმარტა, რომ ვიდეოს გამოძიებას გადასცემდა. მისი თქმით, ამის შემდეგ დევნა დაიწყო და ის ჩამოაქვეითეს.