ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობასა და მმართველ პარტიას მოუწოდებს, ქვეყანაში ვითარების განსამუხტად და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ქვეყნის რეპუტაციის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დემოკრატიული განვითარების მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების ყურადღების ქვეშ მოექცა. ამის მაგალითად კი მათ ევროპარლამენტარების განცხადებები და ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები მოაქვთ.

"ქვეყნის შიგნით ურთიერთობა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის უკიდურესად დაძაბულია და მზარდია პოლარიზაცია საზოგადოებაში, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეზე", — აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ამ სიტუაციაში გამოსავალი საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა:

"ეს ნაბიჯი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის მზაობა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა განამტკიცებს არჩევნების ლეგიტიმურობას, აღადგენს დასავლელი პარტნიორების ნდობას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის რეპუტაციას".

არასამთავრობოები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივით კიდევ ერთხელ მიმართოს.

ხელმომწერები:

  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC);
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი(DRI);
  • საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი;
  • სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი;
  • საფარი;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • მწვანე ალტერნატივა;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი;
  • საქართველოს მედია-კლუბი;
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA);
  • ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი;
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი (AB);
  • ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი (JRC);
  • რეგიონის განვითარების ცენტრი.