მილიონზე მეტი ადამიანი პეტიციით ითხოვს, რომ NBA-მ (ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ) ლოგო განაახლოს და ახალ ლოგოზე კობი ბრაიანტის გამოსახულება გამოიყენონ.

კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი 26 იანვარს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მათთან ერთად ბორტზე მყოფი კიდევ შვიდი ადამიანი დაიღუპა.

NBA-ს ამჟამინდელი ლოგო ალან სიგელმა 1971 წელს შექმნა და მასზე ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელი ჯერი ვესტია გამოსახული.

ფოტო: NBA

"დიდებული კობი ბრაიანტის მოულოდნელი და ნაადრევი გარდაცვალების გამო, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ პეტიციას, რათა NBA-ს ახალი ლოგოს სახით სამუდამოდ უკვდავყოთ ის", — წერს პეტიციის ავტორი Nick M.

ლოგოს განახლების მომხრეებმა ტვიტერით კობი ბრაიანტის გამოსახულებით სხვადასხვა დიზაინი უკვე გაავრცელეს.

2017 წელს შრიფტის ცვლილების გარდა NBA-ს ლოგო შექმნის დღიდან არ შეცვლილა.

ჯერჯერობით უცნობია განიხილავს თუ არა ორგანიზაცია პეტიციას და არც ჯერი ვესტი გამოხმაურებია ლოგოს ცვლილების იდეას.

ჯერ ვესტი წლების განმავლობაში ლეიკერსის გენერალური მენეჯერი იყო. ბრაიანტის სიკვდილის შემდეგ მან განაცხადა, რომ შვილი დაკარგა.

"მე ყოველთვის მეყვარება კობი და დავაფასებ იმ დროს, რომელიც მასთან ერთად გავატარე", — განაცხადა ვესტმა.

კობი ბრაიანტი და ჯერი ვესტი

ფოტო: Getty Images

კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად მიიჩნევა. მის გარდაცვალებას მთელი სამყარო გლოვობს.

კალათბურთის სამყაროში ბრაიანტს "შავი მამბა" შეარქვეს. მთელი კარიერა მან ლეიკერსში ითამაშა, დიდი სპორტიდან კი 2016 წელს წავიდა. 20 სეზონის განმავლობაში მან ჩემპიონის ხუთი ტიტული მოიპოვა და აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ოქროს მფლობელი. როდესაც ბრაიანტმა სპორტული კარიერა დაასრულა, ლეიკერსმა მისი სათამაშო ნომრები 8 და 24 მოხმარებიდან ამოიღო.

2018 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციისთვის ბრაიანტმა ოსკარი მოიპოვა. ანიმაცია დაფუძნებულია ლექსზე "ძვირფასო კალათბურთო", რომელიც სპორტსმენმა 2015 წელს დაწერა.

ბრაიანტსა და მის ცოლს ვანესას სულ ოთხი შვილი ჰყავდათ. ორი თვის წინ კი მათ ქორწინების 20 წლისთავი აღნიშნეს.

ამავე თემაზე: