ლევან იზორია მისი ძმის დაკავების ინციდენტის ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ეს იყო სრულიად უსაფუძვლო". ამაზე მან დღეს, 27 იანვარს პოსტივის ეთერში ისაუბრა.

"ხელბორკილს ადებენ ადამიანს, როდესაც აკავებენ და დანაშაულის ნიშნებია... ადამიანი არც ფიზიკურად გეხება, არც შეურაცხყოფას გაყენებს, პირიქით, მოგიწოდებს კორექტულობისკენ, მიმართვის თავაზიანი ფორმის შერჩევისკენ, ეს კამათი გადადის აგრესიაში და სწორედ, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნიშნები დანაშაულის, უკვე აძლევ მას ასეთ კვალიფიკაციას, რომ უნდა დააკავო", — ამბობს ლევან იზორია.

ყოფილი მინისტრი ამბობს იმასაც, რომ ინციდენტის შესახებ მისი ამოწურვის შემდეგ გაიგო და არ გასჩენია რაიმე უკმაყოფილების განცდა პოლიციელების მიმართ. იგი გამორიცხავს ვიდეოს გამავრცელებელი პოლიციელის მიმართ წარსულში განხორციელებულ რაიმე ზეწოლისა თუ მუქარის ფაქტებს.

იზორია ამბობს, რომ ეჭვი, შეიძლებოდა გასჩენოდა მეტიც, კონკრეტული პოლიციელის ქმედების მართლზომიერებაში, თუ რამდენად სამართლიანად მოხდა დაკავება. მისი თქმით, უნდა არსებობდეს ვიდეოს სრული ვერსიაც, სადაც ასახული იქნება კონფლიქტის დასაწყისიც. იგი მისი ძმის ქმედებას ემოციურობით ხსნის:

"ის, რომ ადამიანი ემოციას, აგრესიას გამოხატავს, ეს არაა ლამაზი და პირველ რიგში არ არის ლამაზი ჩემთვის, ვინც განსაკუთრებული მოწიწებით ვარ, ჩემ ძმასთან ერთად, მათ შორის, პოლიციელების მიმართ განწყობილი".

23 იანვარს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.

კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი მაღალჩინოსნის ძმას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს, რამაც ის გააღიზიანა და გინება გააგრძელა. ამის შემდეგ პოლიციელი მას განუმარტავს, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის აკავებს, რაზეც პასუხად იღებს: "მიდი დავაი". თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციელი მისკენ ბორკილებით მიდის ის გაკვირვებულია, წინააღმდეგობას უწევს მას და ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმა არის.