ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევრებმა ტიბეტური მყინვარის ყინულის ნიმუშებში უძველესი ვირუსების ჯგუფები იპოვეს.

1992 წელს, მკვლევარებმა ტიბეტის მთიანეთის მყინვარიდან ყინულის ნიმუშები შეაგროვეს. მათი გამოთვლებით ყინული დაახლოებით 15 000 წლის უნდა ყოფილიყო. ზოგიერთი ნიმუში ცივ საცავში, სამომავლო კვლევებისთვის გადაინახეს. 2015 წელს სხვა ჯგუფმა იმავე მყინვარიდან ასევე აიღეს ნიმუშები და შეინახეს. ახლახან კი, ნიმუშების შესწავლა დაიწყო.

ყინულის შეგროვების პროცესში, შესაძლოა, მკვლევარების მიერ გამოყენებულ აღჭურვილობას ნიმუშები დაებინძურებინა. ახალი გუნდის მოვალეობას ნიმუშების შესაძლო დაბინძურებული ნაწილების მოშორება წარმოადგენდა.

მკვლევარებმა თითოეულ გაყინულ ნიმუშს ზედა ფენა მოაშორეს. ნიმუშები დაახლოებით 500 სანტიმეტრი ყინულის გასადნობად ეთანოლით გარეცხეს, შემდეგ კი პროცედურა სტერილური წყლით გაიმეორეს. შედეგების სიზუსტისთვის კი ექსპერიმენტის მიმდინარეობისას საკონტროლო ნიმუშებიც შექმნეს. გასუფთავებულ ნიმუშებზე მკვლევარებმა ვირუსების 33 ჯგუფი აღმოაჩინეს, მათი ასაკი 520-დან 15 000 წლამდე მერყეობს. აქედან 28 თანამედროვე მეცნიერებისთვის უცნობია.

გაყინული ვირუსები, შესაძლოა, საფრთხის შემცველიც იყოს. რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა 3 000 წლის ვირუსი იპოვეს, რომელსაც სამიზნე ობიექტის დაინფიცირება ჯერ კიდევ შეეძლო. 2016 წელს ციმბირის წყლულმა (anthrax) ციმბირში დაახლოებით 2 000 ჩრდილოეთის ირემი იმსხვერპლა, 96 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ციმბირის წყლულის სპორებს გადარჩენა წლების განმავლობაში შეუძლიათ. მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში ბაქტერია ათწლეულების განმავლობაში გაყინული ირმის ნეშტისგან გავრცელდა, რომელიც დაინფიცირებული იყო.

უძველესი ვირუსების ხელახალი ფორმირება, შესაძლოა, პრობლემას წარმოადგენდეს, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. ვირუსებს დედამიწაზე ყველგან ვხვდებით, მათი დიდი ნაწილი სხვა ბაქტერიებს უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ადამიანებს.

აღმოჩენის შესახებ მოხსენება bioRxiv პრეპრინტ სერვერზეა განთავსებული.