საქართველოში კორონავირუსის ახალი ტიპის შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის სამმართველოს მიერ ცოცხალი ცხოველებით ვაჭრობის აკრძალვა. მათივე ინფორმაციით, აკრძალვა ძალაში იქნება მანამ, სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIE) ჩინეთს კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად არ გამოაცხადებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუ და დეკორატიული თევზები შემოჰქონდათ.

ჩინეთში კორონავირუსით უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი კი ორი ათასს აღწევს. ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება 36 მილიონ ადამიანს შეუზღუდა.

კორონავირუსი ასევე გამოვლენილია სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ გლობალური განგაშის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.

გაიგეთ მეტი: