სულ ცოტა ხნის წინ ამერიკულმა კვლევითმა კომპანია Gallup-მა, რომელიც უკვე ათწლეულებია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრს იკვლევს, ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიზანიც იყო გაეგოთ, თუ სად ატარებდნენ ყველაზე ხშირად თავისუფალ დროს ზრდასრული ამერიკელები.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კინოინდუსტრია მსოფლიოში უდიდესია და მხოლოდ ადგილობრივი კინოთეატრებიდან შემოსული თანხითაც კი სხვადასხვა კინომწარმოებელი კომპანიების შემოსავლები ათეულობით მილიარდ დოლარს აჭარბებს, ახალი კვლევის თანახმად რიგითი ამერიკელი ბიბლიოთეკას უფრო ხშირად სტუმრობს, ვიდრე კინოთეატრს.

2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასული ერთი წლის განმავლობაში ამერიკელები ბიბლიოთეკას საშუალოდ 10.5-ჯერ სტუმრობენ, რაც მსგავსი აქტივობების სიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემდეგ მოდის კინოთეატრში ვიზიტი — წელიწადში საშუალოდ 5.3-ჯერ. დაახლოებით მსგავსი სიხშირით ესწრებიან სპორტულ (4.7-ჯერ), მუსიკალურ ან თეატრალურ ღონისძიებებსაც (3.8-ჯერ). ყველაზე იშვიათად კი ზრდასრული ამერიკელები ზოოპარკს სტუმრობენ — 0.9-ჯერ წელიწადში.

ფოტო: GALLUP

როგორც აღმოჩნდა, იმათ შორის, ვინც ბიბლიოთეკას ხშირად სტუმრობს, განსაკუთრებით ჭარბობენ ქალები: კვლევის შედეგების გენდერული ანალიზის მიხედვით ქალები (13.4) თითქმის ორჯერ უფრო ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას, ვიდრე კაცები (7.5).

კვლევის შედეგებში გენდერული სხვაობა არ შეინიშნება ისეთ კომპონენტებში, როგორებიცაა კონცერტზე დასწრება და ზოოპარკის მონახულება. ამავდროულად კაცები უფრო ხშირად სტუმრობენ სამორინეებს და ესწრებიან სპორტულ შეხვედრებს, ვიდრე ქალები.

ფოტო: GALLUP

რაც შეეხება ასაკობრივ სხვაობას, აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად 18-29 წლის ადამიანები დადიან, სხვა თითქმის ყველა აქტივობაში კი ყველაზე მეტად 30-49 წლის ამერიკელები არიან ჩართული.

ფოტო: GALLUP

კვლევის შედეგების სრულად გაცნობა შეგიძლიათ აქ.