აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ კონგრესმენთა ნაწილს, ვინც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს, თავიანთი ინტერესები აქვთ. ამ კონტექსტში ბაქრაძე კომპანია ფრონტერაზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპანიის წარმომავლობის ადგილი ტეხასის და ოკლაჰამას შტატია და ამ შტატების წარმომადგენელი კონგრესმენი მხარს უჭერენ ამ კომპანიას.

"ის ტონი, რომლითაც ფრონტერას მხარდამჭერი კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის პრემიერ-მინისტრს, მიმართავენ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის", — განაცხადა ბაქრაძემ იმედის ეთერში.

24 იანვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პეტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა, არჩევნებსა და მედიას.

გუშინ, 26 იანვარს, ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გაასაჯაროვა. მათი თქმით, წერილი სენატორმა გიორგი გახარიას დეკემბრის თვეში გამოუგზავნა. გასაჯაროებულ წერილში სენატორი აღნიშნავს, რომ წარმატებული დემოკრატიული წინსვლასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეშფოთებულია.

გაიგეთ მეტი: