ბრიტანელ მოგზაურ როუან კემპბელს, რომელსაც საქართველოში ველოსიპედი მოპარეს, ახალი აჩუქეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მისი თქმით, კემპბელმა საჩუქრად არამხოლოდ ახალი ველოსიპედი, არამედ სასტუმროსა და ჰოსტელში ორღამიანი ვაუჩერიც მიიღო.

როუან კემპბელი სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა. მან 11 ქვეყანა და 7500 კილომეტრი გაიარა და ველოსიპედი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოპარეს. ინფორმაცია თავად კემპბელმა ფეისბუქის ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში გაავრცელა.

"აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა და 7500 კილომეტრი გამოვიარე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა. მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ, გამაგებინოთ. გმადლობთ," — წერს როუან კემპბელი.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოგზაურმა მათ უკვე მიმართა და უწყება ინტენსიურად მუშაობს. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს: ჯარიმას ან 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობას, ანდა 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.