თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტებმა სიმბოლურად ნაგვის ურნა მიიტანეს. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების იმ დეპუტატების დაუსჯელობას, რომლებმაც ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგა, ლევან ხაბეიშვილი სცემეს.

"გამოვიდნენ და თვითონ ჩასხდნენ აქ, თუ არა და ქართველი ხალხი გამოიყვანს აქ. სიმბოლურად, პოლტიიკურ ნაგავსაყრელზე გავუშვებთ მათ", — თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომელმაც ნაგვის ურნა მთავარ შესასვლელთან მიიტანა.

აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნაზე გააკრეს სტიკერები ქართული ოცნების დეპუტატების, ალექსანდრე ხუჯაძისა და თარაშ შურღაიას გამოსახულებით. მათი თქმით, სწორედ მათ სხცემეს ბიუროს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, საკრებულოს თავმჯდომარისგან, გიორგი ტყემალაძისგან მიიღონ პასუხი, თუ რატომ არ ისჯებიან "მოძალადე დეპუტატები".

შენობაში შესვლა აქტივისტებთან ერთად სცადეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და ზაალ უდუმაშვილმა, თუმცა საკრებულოს სამივე შესასვლელში პოლიცია დგას. ისინი მათ ამისამართებენ სხვადასხვა შესასვლელთან, თუმცა იქ მისულ პოლიტიკოსებს პოლიციელები იმავეს ეუბნებიან, რომ სხვა შესასვლელთან მივიდნენ.

24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა "ეს დაიმსახურა".

გარდა ამისა, მათ გააგრძელეს ხაბეიშვილის დისკრედიტაციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.