კორონავირუსის შესახებ ახალი ცნობები სწრაფად ვრცელდება, ხოლო მისი წარმოშობის ადგილად ძირითადად უხანი განიხილება. თუმცა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული პირველი კლინიკური შემთხვევების აღწერები, შესაძლოა, სხვა სცენარზე მიუთითებდეს.

კვლევა, რომელიც ჩინელი მეცნიერების დიდი ჯგუფის მიერაა ჩატარებული, აღწერს კორონავირუსით (2019-nCoV) დაინფიცირებული პირველი 41 პაციენტის შემთხვევას. მათ შორის ყველაზე ადრეული პირველი დეკემბრისაა და ავტორების თქმით, მას უხანის ზღვის ბაზრობასთან კავშირი არ აქვს.

"პირველ და მომდევნო პაციენტებს შორის ვერანაირი ეპიდემიოლოგიური კავშირი ვერ ვიპოვეთ", — აცხადებენ ავტორები. მათი მონაცემები აჩვენებს, რომ 41-დან 13 პაციენტს ბაზრობასთან კავშირი არ ჰქონია. "13 დიდი რიცხვია", — ამბობს ინფექციური დაავადებების სპეციალისტი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დენიელ ლუსი.

ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ თავდაპირველ განცხადებებში ნათქვამი იყო, რომ პირველ პაციენტს სიმპტომები 8 დეკემბერს დაეწყო. ასევე ნაქვამი იყო, რომ შემთხვევების "უმეტესობას" კავშირი ზღვის პროდუქტების ამ კონკრეტულ ბაზრობასთან ჰქონდა.

ლუსის თქმით, თუ ახალი მონაცემები ზუსტია, დაინფიცირების პირველი შემთხვევები ნოემბერში (შესაძლოა უფრო ადრეც) უნდა მომხდარიყო, რადგან დაინფიცირების შემდეგ პირველი ეტაპი ინკუბაციის პერიოდია, რა დროსაც სიმპტომები არ ვლინდება.

თუ ეს ყველაფერი ასეა, ვირუსი, სავარაუდოდ, უხანში (და ალბათ სხვაგანაც) ადამიანებს შორის შეუმჩნევლად ვრცელდებოდა, მანამ, სანამ სიმპტომებმა გამოვლენა არ დაიწყო და არ წააწყდნენ იმ შემთხვევებს, რომლებსაც ზღვის პროდუქტების ბაზრობასთან კავშირი აერთიანებდა.

"ვირუსი ამ ბაზრობაზე მანამ მოხვდა, სანამ ის იქიდან გავრცელებას დაიწყებდა", — ასკვნის ლუსი.

The Lancet-ში მოცემული მონაცემები ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩინეთის მიერ გავრცელებულ თავდაპირველ მონაცემებს.

თავდაპირველად ინფორმაციის ოფიციალური წყარო უხანის ჯანდაცვის მუნიციპალური კომისია იყო. 11 იანვარს კომისიის მიერ გავრცელებულ ტექსტში საუბარი იყო 41 პაციენტზე, რომელსაც ვირუსი დადასტურებულად აღმოაჩნდათ. 18 იანვრამდე კი დაინფიცირებულთა რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, არ გაზრდილა.

ტექსტში ვირუსის წყაროდ უხანის ბაზრობა არ სახელდებოდა, თუმცა რამდენჯერმე იყო გამეორებული, რომ ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების შეთხვევები არ ფიქსირდებოდა და პაციენტენტების უმეტესობას უხანის ბაზრობასთან ჰქონდა კავშირი.

უხანის ჯანდაცვის მუნიციპალურ კომისიას აღნიშნული ჰქონდა, რომ 41 შემთხვევა დიაგნოსტიკური ტესტებით 10 იანვარს დადასტურდა, წესით, კომისიას თითოეული პაციენტის ისტორიის შესახებაც უნდა ჰქონოდა ინფორმაცია.

"ჩინეთს უნდა სცოდნოდა, რომ ეპიდემიის საწყისი უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობა არ უნდა ყოფილიყო", — აცხადებს ლუსი ScienceInsider-თან.

სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ევოლუციური ბიოლოგი, კრისტიან ანდერსონი, რომელმაც 2019-nCoV ვირუსის გენური თანმიმდევრობები გაშიფრა, აცხადებს, რომ პირველი შემთხვევის 1 დეკემბერს გამოვლენა "ყურადსაღები რამაა."

"ფაქტებთან თანხვედრაში მყოფი სამი სხვადასხვა სცენარი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ბაზრობაზე ვირუსი უკვე დაინფიცირებული ადამიანისგან მოხვდა, შემდეგ კი ამ ადგილიდან გავრცელდა. ჩვენს ამჟამინდალ ცოდნაზე დაყრდნობით, ეს სცენარი სავსებით რეალურია", — აცხადებს ანდერსონი.

დანარჩენი ორი სცენარის მიხედვით, ვირუსის საწყისი ბაზრობაზე მიყვანილი დაინფიცირებული ცხოველების ჯგუფი ან ინდივიდი უნდა ყოფილიყო.

ანდერსონმა 25 იანვარს 2019-nCoV-ის 27 ხელმისაწვდომი გენომის ნიმუშების ანალიზი გამოაქვეყნა. ის მიუთითებდა, რომ ვირუსების "ყველაზე ახლო საერთო წინაპრის" ძებნას 2019 წლის 1 ოქტომბერთან მივყავდით. პეკინის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერი, პულმონოლოგი და Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი ბინ ჩაო Science-თან აცხადებს, რომ ის "ლუსის კრიტიკის მადლიერია."

"ახლა გამოჩნდა, რომ ზღვის პროდუქტების ბაზარი ვირუსის ერთადერთი წყარო არ არის. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ჯერ მაინც არ ვიცით საიდან გაჩნდა ვირუსი."

ლუსი აღნიშნავს, რომ ჩვენთვის ცნობილი სხვა კორონავირუსი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS) იწვევს, პირველად 2012 წლის ივნისში საუდის არაბეთში მცხოვრებ პაციენტს აღმოუჩინეს, თუმცა შემდეგ მომდევნო კვლევებმა მისი საწყისები ამავე წლის აპრილში, იორდანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გამოვლენილ აუხსნელ პნევმონიას დაუკავშირა. იორდანიაში დაღუპული ორი ადამიანისგან აღებული ნიმუშებით კი დადასტურდა, რომ ისინი ამ ვირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.

მისი მსჯელობით კი, შესაძლოა, საქმე ახლაც მსგავს შემთხვევასთან გვქონდეს.

ჯერჯერობით დაზუსტებით რაიმეს თქმა რთულია, თუმცა ჩინეთში ადამიანებისა და ცხოველების რეტროსპექტული ანალიზით, შესაძლოა, ცხადი გახდეს, თუ რა იყო 2019-nCoV-ის პირველი წყარო.