კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრებს საქართველოს აეროპორტებში ამოწმებენ. თბილისის შემდეგ უკვე დაიწყო შემოწმება ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებშიც. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბათუმის აეროპორტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები მგზავრებს სპეციალური დისტანციური თერმომეტრით სიცხეს უზომავენ და მათ ვირუსის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

შემოწმება მიმდინარეობს ქუთაისის აეროპორტშიც, სადაც ექიმები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც რისკის ზონიდან ჩამოფრინდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველო ვირუსის გავრცელების მხრივ დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა. უწყებამ მგზავრების შესამოწმებლად სპეციალური ზომები 25 იანვარს მიიღო.

ახალი ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. დაავადების გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტებში ვუჰანიდან მიმავალი ტურისტებს სკრინინგს უკეთებენ, ზოგიერთი ქალაქიდან კი ფრენები დროებით გაუქმდა.

ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH) მკვლევართა ჯგუფმა ვუჰანის ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო. ვარაუდობენ, რომ სამ თვეში პირველ ექსპერიმენტულ ვაქცინას გამოცდიან.

გაიგეთ მეტი: