ქართული ოცნებისა და თბილისის საკრებულოს წევრი, თარაშ შურღაია, ლევან ხაბეიშვილის ცემას იმით ხსნის, რომ ხაბეიშვილმა მას "ემოციური სიმშვიდე" დააკარგვინა. ამის შესახებ შურღაია საკუთარ ფეისბუქზე წერს და კონფლიქტის მიზეზებს განმარტავს. მისივე თქმით, ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში საკრებულოს უმრავლესობის ყველა წევრს "ფარჩაკი, იდიოტი, არაკაცები" უწოდა და თქვა, რომ მისი მხრიდან "თავების გატეხვას" იმსახურებდნენ.

როგორც თარაშ შურღაია წერს, ძალადობას "მორალური არგუმენტით ვერ და არ გავამართლებ", თუმცა საზოგადოებამ "პრე-ისტორია" უნდა იცოდეს.

"გაერთიანებული კომისიების სხდომის მიმდინარეობისას ის აგრძელებდა ცინიკური პასუხების გაცემას, რამდენჯერმე შევეცადე მისი ყურადღება მიმექცია და პასუხად მივიღე ისევ ცინიკური განცხადებები, ამის შემდეგ მე განვახორციელე მის მიმართ ის მსუბუქი დამამცირებელი ჟესტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა. ეს ჩემი მხრიდან შეიძლება ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი ქმედება, მაგრამ სამწუხაროდ თავი ვეღარ შევიკავე", — წერს შურღაია.

24 იანვრის თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა "ეს დაიმსახურა".

გარდა ამისა, მათ გააგრძელეს ხაბეიშვილის დისკრედიტაციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.