ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი, მეუფე გრიგოლ კაცია მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მიმართ საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე საეკლესიო კანონიკით ხსნის. როგორც მეუფე გრიგოლმა თქვა, მამა ანდრია სარიას სამჯერ სთხოვა დარჩენა, თუმცა, მან რეზიდენცია მეუფე პეტრესთან ერთად დატოვა.

მეუფე გრიგოლის თქმით, მამა ანდრია სარია მეუფე პეტრეს დავალებით მუშაობდა არქივზე და მასთან შიომღვიმის ეკლესიაში დადიოდა.

"სამი თვეა ამ ეპარქიაში ვარ. ვინც აქ არის: ბერი, მღვდელი, მონაზონი არცერთი ადამიანი არ დამისჯია. არც შენიშვნა მიმიცია და არც გაფრთხილება. ყოფილიყო აქ მონასტერში და იქნებოდა მწირველი მღვდელი და წინამძღვარი. ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და იმის მერე არ გვინახავს. მერე დაიბარეს კომისიაზე, მისცეს მას ერთხელ გაფრთხილება, ორჯერ და მერე... ეს შურისძიების გაგრძელება არ არის, ეს, უბრალოდ, კანონიკაა", — განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

მამა ანდრია სარიას, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ჩამოშორების შემდეგ მას უჭერდა მხარს და საპატრიარქოს აკრიტიკებდა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ეს იმით განმარტა, რომ სარიამ არ გაითვალისწინა საპატრიარქოს გაფრთხილება საჯარო განცხადებების შესახებ.

თავად მამა ანდრია ამ გადაწყვეტილებას არაკანონიკურად მიიჩნევს. მისი თქმით, მღვდელმსახურების შეჩერებაზე 6 სასულიერო პირს უნდა ემსჯელა და ისე გადაეწყვიტა. ის პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა როგორც ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, ამაზე მანამდე უნდა ეზუნა, "სანამ საჯაროდ გააკეთებდა ამხელა განცხადებებს".

გაიგეთ მეტი მამა ანდრიაზე: