ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმი რივიერას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბათუმი რივიერას პროექტი 5 მრავალსართულიანი შენობის აშენებას მოიცავს, რაც აქციის მონაწილეების თქმით, ქალაქის ისტორიულ იერსახეს შეცვლის.

"დღეს ჩვენ ვიცავთ რივიერას ამ სივრცის ჩაბეტონებისგან. სილქ როუდ ჯგუფს უნდა, რომ 5 ცათამბრჯენი ააშენოს. ჩვენ გვინდა, რომ ეს სივრცე დარჩეს მწვანე ზონად და ეს იყოს საჯარო სივრცე", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე თამარ ჯაყელმა.

სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ რივიერა ბათუმის ნაწილია, რომელიც სილქ როუდ ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.

სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანია ბათუმი რივიერა იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კაზინოს, საზოგადოებრივ სივრცეებს.