ქვიშხეთში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქმა ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ერთ-ერთი დაშავებული ქალი კი ხაშურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც On.geს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს, 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან თანამდებობის დაკავებას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.