საპარლამენტო უმრავლესობის წევრს და ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ ამერიკელი პარტნიორების კრიტიკული წერილები ოპოზიციასთან შედარებით მმართველი გუნდის "დაგვიანებული და გაცილებით სუსტი" მუშაობის ბრალია. მისი აზრით, პარტნიორებთან ოპოზიციამ "უფრო სწრაფად და ინტენსიურად" იმოქმედა.

როგორც ვოლსკი ამბობს, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლის დროს მმართველი გუნდის "საინფორმაციო რესურსი" უფრო სუსტი იყო, ვიდრე ის რესურსი, რომელიც მათ "წინააღმდეგ მუშაობდა".

"ჩვენმა ოპონენტებმა დაგვასწრეს და უფრო ინტენსიური საინფორმაციო შეტევა მიიტანეს ამერიკელ კოლეგებზე და აქედან გამომდინარე და ჩვენ წავაგეთ საინფორმაციო ომი. ეს ბანალურია. მექანიზმი, რომლითაც ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან, გაცილებით უფრო გვიან ჩაირთო და გაცილებით უფრო სუსტი იყო, ვიდრე ის მექანიზმი, რომელიც ინტენსიურად მუშაობდა ჩვენს წინააღმდეგ", — განაცხადა გია ვოლსკიმ იმედის ეთერში.

24 იანვარს საქართველოს მთავრობას კრიტიკული გზავნილები კიდევ ორმა კონგრესმენმა გამოუგზავნა. კონგრესმენმა ბრაიან ბაბინიმ დაწერა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. კონგრესმენმა პეტ ოლსონმა კი განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა და არჩევნებს.

გუშინ, 26 იანვარს, ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ სენატორ როჯერ ვიკერის წერილი გაასაჯაროვა. მათი თქმით, წერილი სენატორმა გიორგი გახარიას დეკემბრის თვეში გამოუგზავნა. გასაჯაროებულ წერილში სენატორი აღნიშნავს, რომ წარმატებული დემოკრატიული წინსვლასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეშფოთებულია.

გაიგეთ მეტი: