24 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის პრეზენტაცია გაიმართა.

რა არის უნილაბი და რატომ არის ის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი?

უნილაბი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გაიფართოვონ ჰორიზონტი, დააგროვონ გამოცდილება და მომავალ დამსაქმებლებს საკუთარი ხელით შექმნლი პროდუქტი წარუდგინონ. ტექნოლოგიური ლაბორატორია ორი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. ის მოიცავს არაფორმალური განათლების ცენტრსა და სტაჟირების პროგრამას.

არაფორმალურ განათლების ცენტრში ილიაუნის სტუდენტებს იმ მოკლე პრაქტიკული კურსების გავლა შეეძლებათ, რომელთა სწავლება კურიკულიმით არაა გათვალისწინებული.

ფოტო: ილიაუნი

ილიაუნი სტუდენტებს შემდეგ პრაქტიკულ კურსებს სთავაზობს:

  • პოლიგრაფიული დიზაინი;
  • ინტერფეისის დიზაინი UX Design;
  • მოძრავი გრაფიკა – Motion Graphics
  • ვიდეოგრაფიკა და მონტაჟი;
  • სოციალური მედიამენეჯმენტი;
  • ვებგვერდის შექმნა საკუთარი ძალებით (wordpress);
  • ვებპროგრამირება Front-End (HTML);
  • ვებპროგრამირება PHP;
  • ვებპროგრამირება ASP.NET MVC;
  • პროგრამირება C#;
  • პროგრამირება Python;
  • მობილური პროგრამირება Kotlin;
  • გეიმდეველოპმენტი Unity 3D.

პრაქტიკულ კურსებზე მოსახვედრად, კონკურსი გაზაფხულზე გამოცხადდება. მონაწილეობის მიღება კი შეუძლიათ როგორც ილიაუნის, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში კი, სტუდენტები, გამოცდილი მენტორების დახმარებით, რეალურ პროექტებზე იმუშავებენ. პროგრამა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც უკვე აქვს გარკვეული ცოდნა ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, თუმცა ჯერ არ გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. პროგრამაში ჩართვა კი ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.

ფოტო: ილიაუნი

უნილაბის დირექტორის, სანდრო ასათიანის განცხადებით, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და მაქსიმალურადაა მორგებული სტუდენტების საჭიროებებზე.

ფოტო: ილიაუნი