სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული არცერთი საკანონმდებლო ნორმა არ დარღვევიათ. ომბუდსმენის პასუხად უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც, ასევე, ნათქვამია, რომ ციხეში ომბდსმენის მისვლის საიდუმლოს დაცვის ვალდებულება მათ არ აქვთ.

უწყებას არგუმენტად მოჰყავს მედიასაშუალებების მხრიდან მათთან შესული კითხვა, ომბუდსმენის ციხეში ვიზიტის შესახებ. მათივე თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებული იყო ამ კითხვაზე პასუხი გაეცა.

გარდა ამისა, უწყება აცხადებს, რომ შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

"სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მითითებას აკეთებენ საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.

სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ისჯება სახალხო დამცველზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით. გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის #9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა", — წერია უწყების განცხადებაში.

პენიტენციურის ცნობითვე, სახალხო დამცველისა და პატიმრების შეხვედრებმა "თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა".

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პროკურატურას მოუწოდებს, რომ დაიწყოს გამოძიება ომბუდსმენის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელისშეშლისა და ზემოქმედების ფაქტზე.

დღეს, 24 იანვარს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მის მიმართ უკანონო თვალთვალში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო ჩართული. მისი თქმით, ოფიციალური განცხადება დაქვემდებარებაში მყოფი უწყებისგან, მინისტრის გარეშე არ გავრცელდებოდა. სახალხო დამცველის თქმითვე, თუ ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა მინისტრის თანხმობის გარეშე გაავრცელა, მაშინ წულუკიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს და თავად მოითხოვოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

23 იანვარს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ნინო ლომჯარია ციხეში ოპოზიციის ლიდერებს ხვდებოდა. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენს ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებსაც მან უთხრა, რომ კონფიდენციალურია იმ პატიმართა ვინაობა, ვინც მოინახულა. მანვე აღნიშნა, რომ თეა წულუკიანმა მისი ციხეში შესვლის გასაჯაროვებით კანონი დაარღვია.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ ომბუდსმენმა ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე პარლამენტს კრიტიკული ანგარიში წარუდგინა. მაშინ სხდომაზე დამსწრე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანგარიშს ნინო ლომჯარიას კრიტიკითვე უპასუხა და თქვა, რომ ომბუდსმენი პატიმრებს პირადად არ ხვდება. წულუკიანის თქმით, ნინო ლომჯარია საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ მატროსოვის ციხის რამდენიმე ცნობილ პატიმარს შეხვდა.