პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიციელმა, რომელიც ლევან იზორიას ადანაშაულებს, კადრები მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც პრობლემები შეექმნა. საქმე ეხება, მთავარი არხის მიერ გასაჯაროებულ კადრებს, რომლის მიხედვითაც 2014 წელს ლევან იზორიას ძმა მისი "ჩარევის" შემდეგ გაათავისუფლეს.

"როდესაც ის, თურმე მოვიკითხეთ ეს ამბავი და, დააწინაურეს თუ ჩინი მოუმატეს, მაშინ არ ფიქრობდა, რომ რამე პრობლემა იყო, მაგრამ როდესაც 5 წლის შემდეგ, წარმოუდგენელია ამ თემასთან დაკავშირებით შექმნოდა პრობლემები, რაღაც პრობლემები შეექმნა შემდეგ უკვე გადაწყვიტა რაღაც კადრების გასაჯაროება, გამოძიებისთვის მიმართვა", — თქვა მამუკა მდინარაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატმა აღნიშნა, რომ სასიამოვნო მოსასმენი არ იყო, როგორც ელაპარაკებოდა ლევან იზორიას ძმა პოლიციელებს, თუმცა რა გახდა მისი დაკავების მიზეზი ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილი ლევან იზორიას მიმართ ბრალდება, "ნაციონალების დღის წესრიგით" გაამართლა. სოფო კილაძემ კი აღნიშნა, რომ უკვირს რატომ არ გაასაჯაროვა პოლიციელმა კადრები უფრო ადრე.

გუშინ, 23 იანვარს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.

კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი მაღალჩინოსნის ძმას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს, რამაც ის გააღიზიანა და გინება გააგრძელა. ამის შემდეგ პოლიციელი მას განუმარტავს, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის აკავებს, რაზეც პასუხად იღებს: "მიდი დავაი". თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციელი მისკენ ბორკილებით მიდის ის გაკვირვებულია, წინააღმდეგობას უწევს მას და ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმა არის.