ვახტანგ იზორიას დედა, გულიკო კვირველია, მისი შვილის დაკავებისა და "ჩარევის" შემდეგ გათავისუფლების ამსახველი კადრების გასაჯაროვებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მისი ოჯახის მიმართ "ცილისმწამებლური კამპანიიის" ნაწილია. ამის შესახებ გულიკო კვირკველია ფეისბუქპოსტს ავრცელებს.

როგორც იზორიას დედა განმარტავს, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. თუმცა, მისივე თქმით,მიუხედავად, ამისა კადრები მაინც გაასაჯაროვეს.

"აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას", — წერს გულიკო კვირკველია.

ვახტანგ იზორიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავდმჯდომარემ, სოფო კილაძემ და ვიდეოკადრების გავრცელებას "უზნეობა" უწოდა.

გუშინ, 23 იანვარს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.

კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი მაღალჩინოსნის ძმას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს, რამაც ის გააღიზიანა და გინება გააგრძელა. ამის შემდეგ პოლიციელი მას განუმარტავს, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის აკავებს, რაზეც პასუხად იღებს: "მიდი დავაი". თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციელი მისკენ ბორკილებით მიდის ის გაკვირვებულია, წინააღმდეგობას უწევს მას და ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმა არის.

პროკურატურის ინფორმაციით, ლევან იზორიას ძმის მონაწილეობით საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.