პროკურატურის ინფორმაციით, ლევან იზორიას ძმის მონაწილეობით საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. საქმე ეხება, მთავარი არხის მიერ გასაჯაროებულ კადრებს, რომლის მიხედვითაც 2014 წელს ლევან იზორიას ძმის "ჩარევის" შემდეგ გაათავისუფლეს.

"გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. მათ შორის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოწმე გიორგი დვალიშვილისგან ამოღებულ ვიდეო მასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას", — წერია პროკურატურის განცხადებაში.

გუშინ, 23 იანვარს მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.

კადრებში ჩანს, როგორ უხსნის პოლიციელი გიორგი დვალიშვილი მაღალჩინოსნის ძმას, რომ საჯარო სივრცეში არ უნდა იგინებოდეს, რამაც ის გააღიზიანა და გინება გააგრძელა. ამის შემდეგ პოლიციელი მას განუმარტავს, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის აკავებს, რაზეც პასუხად იღებს: "მიდი დავაი". თუმცა, მას შემდეგ, რაც პოლიციელი მისკენ ბორკილებით მიდის ის გაკვირვებულია, წინააღმდეგობას უწევს მას და ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმა არის.