თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხდომა მიმდინარეობდა ზაზა სარალიძემ თქვა, რომ სუბელიანებისა და კალანდიების ოჯახმა მას შთამომავალი მოუკლა. ამ სიტყვების შემდეგ მან შვილის ფოტოები ადვოკატს შეაყარა, რაზეც ადვოკატმა უპასუხა: "გაეთრიე აქედან, ვინ ხარ საერთოდ, მოშორდი აქედან".

სასამართლოს დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ის სხდომებს აღარ დაესწრება და მხოლოდ განაჩენის გამოცხადებაზე მივა.

"რაზე მელაპარაკებით, საერთოდ, მთელი საქართველო? ამიხსენით რაზე მელაპარაკებით? კანონმა მითხრა 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ? ხალხი არ ხართ? საერთოდ რაზე მისვამთ კითხვას ამიხსენით? ამ ჩემს ფეხებს თუ გამოუშვებენ! 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან! რა მნიშვენლობა აქვს?! ეს არის გარიგება? შთამომავალი, რომელიც მომიკლა კალანდიების და სუბელიანის ოჯახმა, გუშინ მიგინა, რა პასუხი გინდათ?!" — თქვა ზაზა სარალიძემ.

მიხეილ კალანდია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილეა. კალანდიამ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს ჩვენება არაერთხელ შეცვალა. ზაზა სარალიძე ამტკციებდა, რომ ის მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა და გამოძიება მას ხელს აფარებდა.

კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით თითქმის 3 წლის შემდეგ, 2020 წლის 4 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პირველი ინსტანციის განაჩენის შემდეგ მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მკვლელობაში კალანდიას თანამონაწილეობის ეჭვს ამყარებდა.