სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ხნით გაიხსნა ე.წ. გამშვები პუნქტი და ვის მისცემს ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლებას საოკუპაციო რეჟიმი. ამის შესახებ მათ On.ge-ს განუცხადეს.

"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ რამდენი დღით გაიხსნა ე.წ. გამშვები პუნქტი. ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება ოკუპირებული ახალგორის მაცხოვრებელი 24 პენსიონერი", — აცხადებენ ისინი.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დაახლოებით რამდენიმე საათის წინ გაიხსნა და ტერიტორია ადგილობრივმა პენსიონერებმა დატოვეს. როგორც ახალგორის გამგებელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, ე.წ. გამშვები პუნქტი 10 დღით გაიხსნა და გადმოსვლა ჯერ მხოლოდ იმ პენსიონერებს შეუძლიათ, რომლებსაც არ აქვთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშვი და იღებენ მხოლოდ ქართულ პენსიას. იგივე ინფორმაცია აქვთ თავად პენსიონერებსაც.

ე.წ გამშვები პუნქტი სექტემბრის შემდეგ, ხუთი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი. ახალგორელი მოახლეობა გზის გახსნას რამდენიმე თვე უშედეგოდ ითხოვდა, რაც, საბოლოოდ, პროტესტში გადაიზარდა. მათ დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვს განუცხადეს, რომ თუ გამშვებს პუნქტს არ გახსნიდა ისინი ე.წ. პასპორტებს დათმობდნენ, რადგან ოკუპირებულ რეგიონში არც პენსია ჰქონდათ და არც სამსახური, რომ თავი ერჩინათ ან სამედიცინო დახმარება მიეღოთ. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ადგილობრივები პენსიის ასაღებად გადასვლას და უკან დაბრუნებას შეძლებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება გამშვები პუნქტი ავადმყოფებისთვის.

ჩაკეტილი გამშვები პუნქტები და ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის დაპირისპირების მიზეზი აგვისტოს ბოლოს გახდა. დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებდა, რომ ჩორჩანას ტერიტორია მათ მიერ ოკუპირებული სოფელ წნელისის შემადგენლობაში შედიოდა და პოლიციის საგუშაგოს დაშლას მოითხოვდა, რისთვისაც ქართულ მხარეს ულტიმატუმი წამოუყენა და რამდენიმე საათი მისცა. რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ქართულმა მხარემ მოთხოვნები არ შეასრულა და საგუშაგო არ დაშალა. პასუხად, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ "ჰუმანიტარულ ოპერაციას" დაიწყებდნენ და ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, რამაც ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

მოსახლეობას რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება არ შეეძლო და ვერც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიოდა. იმის გამო, რომ ე.წ.-მა მესაზღვრეებმა პაციენტი გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს, ის გარდაიცვალა.

პაციენტების დახმარების მიზნით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიპარა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც დააკავეს და ე.წ. საზღვრის არაღიარების გამო 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გაფრინდაშვილი სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტმა შეიწყალა.