პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და სექსუალური ძალადობა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს. ძალადობის მსხვერპლმა ქალმა ორგანიზაციას 12 აგვისტოს მიმართა დახმარების თხოვნით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრანსგენდერი ქალის ცნობით, უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი, რის შემდეგაც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება ყაჩაღობის (179-ე მუხლი), გაუპატიურების (137-ე მუხლი) და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (138-ე მუხლი) მუხლებით. ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, აქედან 3 წელი განესაზღვრა რეალური სასჯელი, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება დაზარალებულის სურვილის გათვალისწინებით, საქმეში ასევე გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი.