იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ლევან იზორიას მიმართ ბრალდებას, "ნაციონალების დღის წესრიგით" ამართლებს. როგორც ოხანაშვილი ამბობს, რომ პოლიციელს, რომელმაც ლევან იზორიას ძმის დაკავების ამსახველი კადრები გუშინ გაასაჯაროვა, "მყისიერად" უნდა ემოქმედა.

"პოლიციელი თურმე ახლა, 5 წლის შემდეგ, იცავს პოლიციელის ღირსებას. ცოტა არ იყოს, ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი უნდა იყოს. ვინაიდან 5 წლის შემდეგ ასაჯაროებს ამ ფაქტს. თუ რამე ისე არ ხდება და შენი ინტერესია, რომ დააჩქარო გამოძიების წარმოება, ეს უნდა განახორციელო მყისიერად", — განაცხადა ოხანაშვილმა.

მთავარმა არხმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას და როგორ აიძულებენ მის გათავისუფლებას ჩარევის შემდეგ. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა.