საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის სამეცნიერო დისერტაციის აკადემიურ სტანდარტებთან შეუსაბამობაზე ამბობს, რომ ივანიშვილის "შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება". მისივე თქმით, ივანიშვილის შესაძლებლობები "გამომჟღავნებული" ვერ არის.

"მიმაჩნია, რომ ეს ექსპერტებმა თუ აინტერესებთ შეისწავლონ, თუ არ აინტერესებთ, ნუ შეისწავლიან. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ სათანადოდ არ გვყავს შესწავლილი. გამოვრიცხავ, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიძინა ივანიშვილმა რამე გააკეთოს და კარგად არ გააკეთოს", — განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

მოძრაობა თავისუფლების ინსტიტუტი ითხოვს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სამეცნიერო ხარისხი ჩამოერთვას. მათივე ცნობით, თავისუფლების ინსტიტუტმა მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია მოსკოვიდან, რომელიც არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს.