თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილის ადვოკატთა ეთიკის კომისიაში უჩივის. თამთა თოდაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი იცავს.

"მიგვაჩნია, რომ მარიამ კუბლაშვილის არაერთი განცხადება იყო იმდენად შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი თამთას მიმართ, რომ ის ცდება ადვოკატთა ეთიკის ფარგლებს და არღვევს მას... არაერთი განცხადება თამთას მოიხსენიებდა, როგორც თაღლითს, მატყუარას, იყო თავის შინაარსით ცილისმწამებლური და სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რომელიც ადვოკატებს გააჩნიათ", — თქვა ბაია პატარაიამ.

ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ბაია პატარაიამ აღნიშნა, რომ მარიამ კუბლაშვილის აგრესიული გამონათქვამებისა და შეურაცხყოფების გამო თამთა თოდაძეს მეორედ განუვითარდა ფსიქოლოგიური ტრავმა და რეაბილიტაციას გადის. საფარის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თვეების მანძილზე აქტიურად მიმოიხილავს, ასაჯაროებს და აკომენტარებს ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ დეტალებს ტელევიზიებში, ინტერნეტ გამოცემებსა და facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებში.

სექსუალური ძალადობის საქმე

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა და როცა გაქცევა მოახერხა, შემდეგ ფიზიკურად იძალადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

გარდა ამისა, თამთა თოდაძე ამბობს, რომ პოლიცია სავარაუდო დანაშაულის ადგილზე რამდენიმესაათიანი დაგვიანებით მივიდა. მისი თქმით, სავარაუდო დანაშაული დღის ოთხ საათზე მოხდა, ხოლო სამართალდამცავები ადგილზე მხოლოდ ღამის სამ საათზე მივიდნენ და ოთახი უკვე დალაგებული დახვდათ.

თამთა თოდაძის დედა აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანის მეგობარი მასთან მივიდა და მორიგება შესთავაზა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მორიგების პირობა მან არ იცის, თუმცა საკითხი ბრალდების უარყოფას ეხებოდა.