სახალხო დამცველი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მისი ციხეში შესვლის გასაჯაროვებით კანონი დაარღვია. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა:

"საქართველოს სახალხო დამცველის ორგანული კანონით, სახალხო დამცველთან კომუნიკაცია და ნებისმიერი სახის ურთიერთობა პატიმრებთან კონფიდენციალურია. დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაარღვია სისხლის სამართლის კანონი, ჩაიდინა დანაშაული. მისი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გასაჯაროვდა ჩემი შეხვედრის დეტალები. ეს არის სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა, დანაშაული".

ომბუდსმენის თქმით, ამ ინფორმაციას მომავალ კვირას სტრასბურგში საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდის.

"ის, რაც დღეს ხდება ქვეყნის სირცხვილია. მე არ დავუშვებ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სამარცხვინო რამ ხდებოდეს და ვინმე სახალხო დამცველის ინსტიტუტს ასე ექცეოდეს".

დღეს, 23 იანვრის საღამოს მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პენიტენციური სამსახურის განცხადება უარყო კონკრეტული პატიმრების ნახვაზე. მე-9 დაწესებულებიდან გამოსულ ომბუდსმენს ჟურნალისტები დახვდა, რომლებსაც უთხრა, რომ კონფიდენციალურია იმ პატიმართა ვინაობა, ვინც მოინახულა.

ნინო ლომჯარიას ციხეში შესვლაზე განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. მათი თქმით, სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მე-9 დაწესებულებაში მსჯავრდებულები ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და კახაბერ ნაკანი მოინახულეს.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ ომბუდსმენმა ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე პარლამენტს კრიტიკული ანგარიში წარუდგინა. მაშინ სხდომაზე დამსწრე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანგარიშს ნინო ლომჯარიას კრიტიკით უპასუხა და თქვა, რომ ომბუდსმენი პატიმრებს პირადად არ ხვდება. წულუკიანის თქმით, ნინო ლომჯარია საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ მატროსოვის ციხის რამდენიმე ცნობილ პატიმარს შეხვდა.