სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისისში, რუსთაველზე იმ პოლიციელების ფოტოები გააკრეს, ვინც გიორგი რურუას დაკავებაში მონაწილეობდა. პლაკატებზე არის წარწერა — "მე ჩავუდე იარაღი გიორგი რურუას".

"საზოგადოებას ამ აქციით ვეუბნებით, რომ პოლიციელმა უნდა სცეს თავის მუნდირს პატივი და მოქალაქეს, მის ხელმძღვანელობას მოსწონს თუ არა ის მოქალაქე, არ უნდა ჩაუდოს იარაღი. მინდა, რომ ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როცა პოლიციელი მოქალაქეს იმის გამო, რომ მოსწონს თუ არა მისი პოლიტიკური შეხედულება უდებს იარაღს", — თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა მთავარ არხთან საუბრისას.

ფოტო: მოძრაობა სირცხვილია

ფოტო: მოძრაობა სირცხვილია

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.

მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. უწყების განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე.