მე-19 საუკუნის დასაწყისში კლიმატის მეცნიერებაში ჯერ კიდევ არისტოტელეს "მეტეოროლოგიკა" ბატონობდა. არისტოტელეს მოდელით, დედამიწის "ნახევარსფეროები იყოფოდა სამ ნაწილად: პოლარული სიცივე, ეკვატორული სიცხე და შუა ზოლი", — წერს იან ბეკოკი The Atlantic-ში.

ხოლო ის, რასაც შეიძლება თანამედროვე, "დინამიკური კლიმატოლოგია" ვუწოდოთ, მხოლოდ 1850-იანი წლებში ჩამოყალიბდა.

კლიმატის ცვლილების და ნახშირორჟანგის კავშირის შესახებ პირველი სამეცნიერო სტატია 120 წლის წინ გამოქვეყნდა. პირველი ადამიანი, ვინც ეს კავშირი აღმოაჩინა, იყო იუნის ნიუტონ ფუტი — ახალგაზრდა ქალი მეცნიერი, რომელმაც თავის კვლევა მეცნიერების განვითარების ამერიკულ ასოციაციას 1856 წელს წარუდგინა.

ფუტის ნაშრომი "მზის სხივებზე მოქმედი გარემოებები" მოგვიანებით Scientific American-ში დაიბეჭდა, სადაც მისმა "პრაქტიკულმა ექსპერიმენტმა", რედაქტორებისგან შექება დაიმსახურა.

"ჩვენ გვიხარია, რომ ეს აღმოჩენა ქალბატონმა გააკეთა", — ნათქვამი იყო გამოცემაში. ფუტმა, რომელმაც შეისწავლა მზის სხივების ზემოქმედება ჩვეულებრივ ჰაერზე და ნახშირორჟანგზე, შემდეგი დასკვნა გააკეთა:

"ნახშირორჟანგით გაჯერებული ატმოსფერო დედამიწაზე უფრო მაღალ ტემპერატურას განაპირობებს. თუ გარკვეულ ეტაპზე ჰაერში ნახშირორჟანგი მეტად იყო გაჯერებული, ვიდრე დღესაა, ტემპერატურა აუცილებლად უფრო მაღალი იქნებოდა."

ფუტის კვლევის გამოქვეყნებიდან 3 წელიწადში, ირლანდიელი ფიზიკოსი, ჯონ ტინდალი იგივე დასკვნამდე მივიდა. სავარაუდოდ, მან ფუტის შესახებ არაფერი იცოდა და აღმოჩენა დამოუკიდებლად გააკეთა. ტინდალის კვლევა უფრო მრავლისმომცველი გამოდგა, რადგან მას მეტი რესურსები და პრივილეგიები ჰქონდა.

არც ტინდალს და არც ფუტს არ უხსენებიათ რა გავლენა აქვს ადამიანს კლიმატზე. პირველი მეცნიერი, რომელმაც იწინასწარმეტყველა ადამიანების აქტივობებით განპირობებული გლობალური ტემპერატურის ზრდა, შვედი მეცნიერი სვანტე არენიუსი იყო. მისი ნაშრომები 1890-იანებში გამოიცა. ამის მიუხედავად, კლიმატის მეცნიერებაში პროგრესს საფუძველი სწორედ ფუტმა და ტინდალმა დაუდეს.

ტინდალის და არენიუსის სახელი შემორჩა, მაგრამ ფუტის შესახებ თითქმის არავინ იცის. ფუტის ნაშრომისთვის დიდი ყურადღება არც კვლევის გამოქვეყნების დროს მიუქცევიათ. მის ნაშრომზე მსჯელობისას უმეტესად განიხილავდნენ იმას, რომ ის "ქალმა" დაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სტატია სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ფუტი ქალი იყო, მას მეცნიერების განვითარების ასოციაციის წევრების წინაშე წარდგენა და მიგნებებზე პირადად საუბრის უფლება არ მიეცა.

ფუტი აქტიურად მონაწილეობდა ფემინისტურ მოძრაობებში. 1848 წელს ქალთა უფლებების კონვენციის ხელმომწერთა შორის, ფუტის სახელის და მოთხოვნების ამოკითხვაც შეიძლება. კონვენციის ხელმოწერილი დოკუმენტი მოითხოვდა ლეგალურ, სოციალურ, ეკონომიკურ თანასწორობას და თანაბარ შესაძლებლობებს, მათ შორის განათლებაში და მეცნიერებაში.

ამონარიდი ფუტის ნაშრომიდან

ამონარიდი ფუტის ნაშრომიდან

აღსანიშნავია ისიც, რომ ტინდალის მიერ ამ სათბურის აირის გავლენის აღმოჩენის საკუთარ თავზე მიწერა გამიზნული დისკრიმინაცია, დიდი ალბათობით, არ ყოფილა.

"მას შემდეგ, რაც ტინდალმა აღიარება მოიპოვა, მათ ჩანაწერები უბრალოდ არ გადაამოწმეს. ის ცნობილი მეცნიერი იყო და ადამიანებმა მისი აღმოჩენა პირდაპირ მიიღეს", — აცხადებს ისტორიკოსი და გეოლოგი რეიმონდ სორენსონი.

თუმცა, ტინდალს მიაჩნდა, რომ ქალები კაცებს გონებრივი უნარებით ჩამორჩებოდნენ. ის საკუთარ წერილში აცხადებდა, რომ ქალებს "კაცებთან შედარებით, მეტი ემოციები და ნაკლები ინტელექტი აქვთ" და ის ღიად ეწინააღმდეგებოდა ქალების საარჩევნო უფლებას.

იუნის ფუტის ნაშრომი, შესაძლოა, კვლავ დაკარგული ყოფილიყო, რომ არა რეიმონდ სორენსონი, რომელმაც 2011 წელს, 1857 წელს გამოცემულ ჟურნალ The Annual of Scientific Discovery-ში ფუტის ნაშრომის შესახებ სტატიას შემთხვევით მიაგნო.

იუნი ფუტის კვლევა წინ გადადგმული, შთამბეჭდავი ნაბიჯი იყო, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ პირობებს, რომელშიც ის მუშაობდა და ეპოქას, რომელშიც ის ცხოვრობდა.