მამა ანდრია სარიას, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ჩამოშორების შემდეგ მას უჭერდა მხარს და საპატრიარქოს აკრიტიკებდა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ეს იმით განმარტა, რომ სარიამ არ გაითვალისწინა საპატრიარქოს გაფრთხილება საჯარო განცხადებების შესახებ.

"მისი მხრიდან მოხდა სრული იგნორი ამ განცხადებისა და იგივე ქმედებები გააგრძელა, რაც გულისხმობს საჯაროდ გაკეთებულ უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოსა და იერარქიების მიმართ", — განაცხადა მან.

ჯაღმაიძე აკონკრეტებს ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა: "საპატრიარქო ყველაფერში დამნაშავეა", "პატრიარქის გარემოცვა ბანდაა", "საპატრიარქო, სახელმწიფოსთან ერთად, არის დამსჯელი ორგანიზაცია".

თავად მამა ანდრია ამ გადაწყვეტილებას არაკანონიკურად მიიჩნევს. მისი თქმით, მღვდელმსახურების შეჩერებაზე 6 სასულიერო პირს უნდა ემსჯელა და ისე გადაეწყვიტა. ის პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა როგორც ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, ამაზე მანამდე უნდა ეზუნა, "სანამ საჯაროდ გააკეთებდა ამხელა განცხადებებს".

ჯაღმაიძე აცხადებს იმასაც, რომ მღვდელმსახურების შეჩერება და სინანულისთვის მონასტერში გაგზავნა "შეღავათიანი გადაწყვეტილებაა", რადგან სარიას ქმედებებს სასჯელის უფრო მკაცრი ფორმა, განკვეთაც შეიძლება მოყოლოდა. მისივე თქმით, როცა ის მოინანიებს იმ ხალხთან, ვისაც შეურაცხყოფას აყენებს, საპატრიარქო გადაწყვეტს აღუდგება თუ არა მას მღვდელმსახურების უფლება.

გაიგეთ მეტი მამა ანდრიაზე: