ევროპული საქართველო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ პროპორციული სისტემის დაპირება მისი პარტიის დამსახურებაა, ეხმაურება და ამბობს, რომ ამ პირობის დადება ქართული საზოგადოების აქტიურობისა და სიმამაცის დამსახურებაა. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკკითხულობთ, ამ კონტექსტში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვისაც მეტი პოლიტიკური წონა აქვთ.

"დღეს პროპორციული არჩევნები მიღწეული არაა. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია. ამ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამ ჯერ არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და არასწორია", — ნათქვამია განცხადებაში.

ევროპულ საქართველოში გამოეხმაურნენ გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასაც. მათი თქმით, "ასევე შეცდომაა ამ არაკორექტულ განცხადებაზე რეაგირებისას ოპოზიციის შემდგომი კოორდინაციისთვის რაიმე წინაპირობების დაყენება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან".

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას საკუთარი პარტიის დამსახურებად მიიჩნევს. ამის შესახებ ვაშაძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

როგორც ვაშაძე ამბობს, ახალგაზრდების პროტესტი "შესანიშნავია". თუმცა, პროპორციული არჩევნების იდეა ნაციონალური მოძრაობიდან მოდის და ამის "დოკუმენტალური მტკიცებულებაც" არსებობს.

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადების გამო მასთან ნებისმიერ ფორმატში ურთიერთობას წყვეტენ. მისი თქმით, გააგრძელებენ ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს საარჩევნო სისტემის საკითხებზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვაშაძე არ იქნება წარმომადგენელი.

პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მოძრაობა #სირცხვილიამ ხელისუფლებას მას შემდეგ წამოუყენა, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო აქციები დაიწყო. პროტესტის მეხუთე დღეს მმართველ გუნდს დათმობაზე მოუწია წასვლა. პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა.

პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ შეიქმნა პლატფორმა — ყველა მინუს ერთი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო აქტივისტები საარჩევნო სისტემის საკითხს განიხილავენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.