30 დეკემბრის ღამეს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 5 მოქალაქიდან ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ოთხის საქმის წარმოება კი შეწყდა. პოლიციასა და აქტივისტებს შორის პარლამენტთან დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მერიის სამსახურებმა კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკის აღება დაიწყეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მოსამართლემ შენიშვნა ზურა მჟავანაძეს მისცა, ბექა კოკაიას, გიორგი მუმლაძის, ზუკა ბერძენიშვილისა და ლაშა ბურდულის საქმეების წარმოება კი შეწყვიტა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 დეკემბერს პარლამენტთან ჯამში 9 პირი დააკავა. უწყებაში ამბობდნენ, რომ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც მერიის სპეციალურმა სამსახურებმა პარლამენტის წინ ტერიტორია მორეცხეს და კარვები აიღეს, ადგილზე საახალწლო ატრაქციონების დამონტაჟება დაიწყო. კარვების გარდა, რუსთაველის გამზირზე იყო აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკა — დროშები, "გახარიას ბიუსტი" და ბანერები. ეს ის ადგილია, სადაც თვეების განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ და შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი იყო გაშლილი.