პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ბრიუსელში, ევროპარლამენტში "წარმატებული" ვიზიტი აქვთ. როგორც კუჭავა ამბობს, მათი მიზანი არაა კრიტიკულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსების გადარწმუნება, არამედ მათი ხედვის გაზიარებაა.

"გვაქვს საშუალება შევხვდეთ არა მარტო მათ ვინც ჩვენი მომხრეები არიან, პირველ რიგში მათ, ვინც გამოთქვეს წუხილი თუ კრიტიკული კითხვები დასვეს. რადგან პირველ რიგში მათთან არის სამუშაო, რომ ჩვენი მხრიდან იყოს სრულფასოვანი კომუნიკაცია. ესენი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და აუცილებელია, მოვისმინოთ მათი ხედვა, რა არის გამოსავალი და როგორ უნდა ვიფიქროთ იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო გაამყაროს ის მიღწევები, რაც დემოკრატიის გზაზე აქვს", — განაცხადა კუჭავამ TV პირველის ეთერში.

ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მყოფი საქართველოს დელეგაცია ევროპარლამენტარებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონის გამო გააკრიტიკეს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუსვეს კითხვები. ისინი დაინტერესდნენ, რატომ არ შეასრულა მთავრობამ დაპირება და რატომ დაიწყო რამდენიმე გამოძიება ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ.